აგერა მცხეთაც _სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,
სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა
ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების

მცხეთა

მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა - აღმოსავლეთ საქართველოში და კოლხეთის - დასავლეთში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა რვა საუკუნის განმავლობაში.
მცხეთა დიდ საქარავანო გზაჯვარედინზე მდენარეობდა. აქ მოდიოდნენ მეფეები, ელჩები თუ ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე - ცაში აჭრილი ქართლის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა ბერძენ, რომაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.
მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ მცხეთა ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს.

მცხეთა

მცხეთა დღეს

მცხეთა ისტორიული ქალაქია,სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის მისი კულტურული ძეგლების სანახავად.სამწუხაროდ,დღესდღეობით ბევრი ისტორიული ძეგლი საფრთხის ქვეშაა. მცხეთა და მისი ისტორიული ძეგლები, იუნესკომ აღიარა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,ანუ მათ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც ენიჭებათ.2009 წლის ივნისში კი მცხეთის ისტორიული ძეგლები შეიტანეს ამ ორგანიზაციის საგანგებო ნუსხაში - ”კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია“. ისტორიას გაპრთხილება სჭირდება და იმედია კულტურული ძეგლების აღსადგენად საჭირო ღონისძიებები გატარდება.

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი ქართული კულტურისა და ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.

სვეტიცხოველი ფლობს ქრისტიანული სამყაროსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს სიწმინდეს - ქრისტეს კვართს. ამ სიწმინდით ქართული ეკლესია ქრისტიანობის სათავეებს უკავშირდება.
ტაძრის მშენებლობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ ეპოქას. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ოქრომჭედლობის და ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის ჯვარი. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართული მთის წვერზე. ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინომ ხის დიდი ჯვარი აღმართა, როგორც სიმბოლო ახალმიღებული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები.

ქართლის პირველმა ერისმთავარმა, გუარამ დიდმა (545-586) წმინდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის მახლობლად "დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაი", მცირე ეკლესიისა, რომელიც ჯვრის დიდი ტაძრის გვერდით დღემდე დგას.

მცხეთის ჯვართან ერთად აშენდა საქართველოს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები: ალავერდი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, ბაგრატის ტაძარი, იშხანი და მრავალი სხვა. სვეტიცხოველს, ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.
სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა კურთხევა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ კრძალავდნენ ქართველ მეფეებს, დედოფალებს, ბატონიშვილებსა თუ კათალიკოს-პატრიარქებს. მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა.

სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

ცნობილია, რომ IVს.-ის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო მტკვრისა და არაგვის შესართავთან, "წმინდა ჭალაში" ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის მითითებით. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა.

VI ს.-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, V ს.-ის ბოლოს მის ადგილას ააგეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკა. ვახტანგ გორგასალს დაუწყია სვეტიცხოვლის მესამედ აშენება 499 წელს. XI ს.-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.

გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძვლიანი მშენებლობა 1010 წელს გიორგი I-ის თაოსნობით და მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წელს.
სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემთა თავლად გადააქცია, იგი აღადგინეს, მაგრამ თემურ-ლენგმა დაანგრია ისევ, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბასმაც მილეწეს მრავალგზის. თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარი ალექსანდრე პირველმა განაახლა XV ს.-ში და ასე, უძველესი ჩუქურთმებით და მოხატულობით, მოაღწია ჩვენამდე.

სვეტიცხოვლის კედლებს შემოუნახავთ ევასტიათ ანტიოქელის ფრესკა, რომელზეც ჭარმაგი მღვდელ-მთავარი მეფე მირიანს სახარებას გადასცემს და აკურთხებს მცხეთის ტაძარს.

ცნობილია, რომ თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მან ააოხრა სვეტიცხოველი, "შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ", - გადმოგვცემს მემატიანე. ეს თავდასხმა მოხდა 1387 წელს, მისი მეორე შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი დამაქცევარი და შემმუსვრელი ჰყავდა, თემურ-ლენგის მიერ ამ ტაძრის აოხრება ყველაზე ბარბაროსულად ითვლება. მისმა ურდოებმა მარტო ტაძრის გალავანი კი არ მიანგრიეს, გაძარცვეს ოქროთი მოპირკეთბული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა და გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით თემურ-ლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი.

სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოუჩენია ქართლის მაჰმადიან მეფეს - როსტომს (1632-1638). მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებია დაზიანებული ტაძარისათვის, შეუკეთებია და აღუდგენია გუმბათიც.

ისტორიული წყაროები სვეტიცხოველს სიონად და მოციქულად მოიხსენიებენ. მცხეთაში აგებული ეკლესია - სვეტიცხოვლი - საქართველოსათვის წარმოადგენს "დედას ყოველთა ეკლესიათა" და იწოდება "დიდ სიონად," როგორც იერუსალიმში, სიონის მთაზე მდგარი ტაძარი. აგებული ტაძარი მოიხსენიება "წმინდათა წმინდად."

როგორც "ქართლის ცხოვრება" და "მოქცევაი ქართლისაი" გადმოგვცემს, ელიოზი და სხვა ქართველი ებრაელები იერუსალიმში მოწმე გამხდარან იესო ქრისტეს მოკვდინებისა და ამის შემდგ მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. ელიოზს წინ შეგებებია ერთადერთი და - სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს კვართი და იქვე განუტევებია სული. ამის შემდეგ მეფემ, მთავრებმა და ხალხმა თავი მოიყარა ელიოზის სახლში. მეფეს სურდა, მიცვალებულისთვის გამოერთმია მკერდზე მიხუტებული კვართი, მაგრმ ვერ შეძლო და ამიტომ ელიოზმა თავისი და ქრისტეს კვართით ხელში დაკრძალა სამეფო ბაღში. სიდონიას საფლავზე ამოვიდა ლიბანის კედარი. IV ს.-ში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, ეს ხე მოჭრეს, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ქრისტიანული ეკლესია. მისგან 7 სვეტი დაამზადეს. დაიწყო მშენებლობა. 6 სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე სვეტის ადგილიდან დაძვრა და აღმართვა ვერაფრით შეძლეს. წმინდა ნინომ მთელი ღამე ილოცა სვეტთან მოწაფეებითურთ. ლოცვის შემდეგ მოხდა სასწაული, სვეტი თავისით აღიმართა და მისგან დენა დაიწყო მირონმა, რომელიც "მსწრაფლ კურნავდა სნეულთ". ამის შემდეგ სვეტს ეწოდა "სვეტი ცხოველი" სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელიც.

სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს ათზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, სიმონ პირველი და სხვა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე საფლავმა მოაღწია.
ვახტანგ გორგასალი მეფობდა V ს.-ის II ნახევარში. მან შექმნა ქართლის ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა, ბიზანტიელთა და ირანელთა თარეში, ბრძოლა გამოუცხადა სპარსულ, მაზდეანურ სარწმუნოებას. მისი მეფობის პერიოდში ქართულმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან. ირანელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვახტანგ გორგასალი სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი გარდაიცვალა 502 წელს და დაკრძალეს მის მიერვე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში.

აქვეა დაკრძალული მეფე ერეკლე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა XVIII ს.-ის II ნახევარში. იგი დაიბადა ქალაქ თელავში. ერეკლემ და მისმა მამამ, თეიმურაზ მეორემ უკვე XVIII ს-ის შუახანებში შეძლეს ქართლ-კახეთის სამეფოს გათავისუფლება ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან. დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახტავად, ხალხმა მას "პატარა კახი" შეარქვა. იგი გარდაიცვალა თელავში 1798 წელს და ქართველმა ხალხმა დიდი პატივით დაკრძალა იგი სვეტიცხოველში.

აქვე განისვენებს ერეკლეს უფროსი ვაჟი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII, რომელიც სულ ორი წლის განმავლობაში მეფობდა. იგი გარდაიცვალა 1800 წლის დეკემბერში.
დანარჩენი საფლავები წარმოადგენს ქართველ მეფეთა ახლო ნათესავების განსასვენებელს.

ტაძარს, უკანასკნელად საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა XXს-ის 60-იან წლებში. აღადგინეს ტაძრის ეზოში შესასვლელი ცენტრალური კარიბჭე, ე.წ. "მელქისედეკის ჭიშკარი." გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს მელქისედეკის სასახლის ნაშთები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებთან - მონგრეული მინაშენების ნაშთები; გამოცვალეს ტაძრის იატაკი და მეფეთა საფლავების ფილები, იპოვეს IV და V საუკუნეების ეკლესიათა ნაშთები, აღმოაჩინეს XI ს-ის ნატიფი ბურჯები და თაღები.
2000-2001 წლებში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა, სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები.

ამათ გარდა, სვეტიცხოველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, ასე რომ, სვეტიცხოველი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

"არ არის საქართველოში სიწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებით და ღვთიური განგებულებით."

"მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის, განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IVს-ში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება."

და ბოლოს, ალბათ საოცარი მადლი უნდა გფარავდეს, რომ დროს აჯობო, მიწისძვრებს გაუძლო, მტერს ათასჯერ გაუმკლავდე და იდგე მდუმარედ, ამაყად. გქონდეს უამრავი სათქმელი, დიდი წარსული, არ გელეოდეს მრევლი და შენს კედლებში პოულობდნენ შვებას გაჭირვებულნი. რამდენი ლეგენდა და სასწაული შემოინახა დრომ თორმეტი მოციქულის სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელსაც იმთავითვე სასწაულმოქმედის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული: "სნეულნი მოვიდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნას საბურველი ძელისა გარემოს სვეტისა მას და დაფარა სევდისაგან."

არმაზციხე

არმაზციხე, ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: - "ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი" (ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგნ., ქართლის ცხოვრება, . 1, 1955, გვ. 8).სახელწოდება "არმაზციხე" (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და . .) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.გათხრები წარმოებს 1943 წლიდან (ხელმძღვანელი: . აფაქიძე). აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. . IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. . III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან . . უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. . IV - III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. . III საუკუნიდან).ექვსაფსიდიანი წარმართული ტაძრის ნაშთი, არმაზციხეარმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. . II .). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, სტეფანოზ I (მთავრის) დროიდან "მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა" (ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ., I, 1955, გვ. 223). 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.

ბებრისციხე

ბებრისციხე, ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, მცხეთის ჩრდილოეთით კეტავდა არაგვის ხეობაში შემავალ გზას. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტისციხეს უწოდებს. კედლები თითქმის თანაბარი ქვებითაა ნაშენი. ციხის მთავარი ნაწილი იყო ციტადელი, რომელსაც სამხრეთით ვრცელი სამკუთხა ეზო ეკვროდა, სამივე კუთხესა და გალავნის ბოლოში კოშკები იყო აღმართული. ბებრისციხის მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები.ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე-სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი.ოდესღაც ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ეს ციხე მეტად კომპლექტურად არის აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთის. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება. რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.ჩრდილოეთი კოშკიც იგივე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირე. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ტვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ-ისარი იყო. ციხეს ასეთი ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომრებს შეეძლებოდათ მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა.მესამე აღმოსავლეთის კოშკი აგრეთვე დანგრეულია და მოგვიანებით იმ ადგილას გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკო აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფოემისაა.
ბებრის ციხეზე არსებობს ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა’’. ამ სიტყვების დასრულების თანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს ,, ბებრის ციხე’’.

სამწუხაროდ,დღეს ამ ციხის ნანგრევებიღაა დარჩენილი,რომელიც დრითიდღე ,გადაუღებელი წვიმების დროს იშლება და თუ არ მოხდება დარჩენილი ნაწილის აღდგენა სრულიად დაინგრევა.